კითხვა N 1
სად შეიძლება გასაჩივრდეს ქონებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება?
პასუხი:
ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის\იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის\იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას.
კითხვა N 2
შესაძლებელია თუ არა რეგისტრირებული მონაცემების გასაჩივრება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით?
პასუხი:
საჯარო რეესტრის მონაცემების კანონიერების შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და დავის გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ სასამართოს.
კითხვა N 3
მიიღებს თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს?
პასუხი:
სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზება არ მოითხოვება.