კითხვა N 1
ვისზე გაიცემა წერილობითი ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის შესახებ?
პასუხი:
ნებისმიერ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოსგან მოითხოვოს და წერილობითი სახით მიიღოს ინფორმაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის მონაცემების შესახებ.
კითხვა N 2
რა სახით მზადდება საინვენტარიზაციო გეგმა, როდესაც მიწის ნაკვეთის ნაწილი აღრიცხულია როგორც თვითნებურად დაკავებული?
პასუხი:
თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მიწის ნაკვეთის ნაწილზე აღრიცხულია უფლება, ხოლო ნაწილი _ როგორც თვითნებურად დაკავებული, საინვენტარიზაციო გეგმა უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთის უფლებაღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებით.
კითხვა N 3
რა ინფორმაციას ეყრდნობა მარეგისტრირებელი ორგანო საინვენტარიზაციო გეგმაზე მიწის ნაკვეთის უფლებაღრიცხული და თვითნებურად დაკავებული ნაწილების ფართობებისა და საზღვრების მითითებისას?
პასუხი
თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო ეყრდნობა ამ მონაცემებს, ხოლო, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კონკრეტულად არ დგინდება მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობებს და საზღვრებს ადგენს აღნიშნული ნაწილების შეერთების წერტილების მიხედვით. ეს პრინციპი არ მოქმედებს, თუ შენობა-ნაგებობა განლაგებულია მიწის ნაკვეთის ორივე ნაწილზე.