
2008 წელს უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმებით “Doing Business” რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, 2007 წელს მეთერთმეტეზე, ხოლო 2006 წელს _ მეთექვსმეტეზე.
“Doing Business” მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც ბიზნეს-რეგულაციებს მსოფლიოს 181 ქვეყანაში იკვლევს. გამოკვლეული ბიზნეს რეგულაციები მოიცავს ბიზნესის წარმოების 10 კატეგორიას: ბიზნესის დაწყება, ლიცენზიების აღება, მუშახელის დაქირავება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, ინვესტორების დაცვა, გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, კონტრაქტების აღსრულება და ბიზნესის დახურვა.
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის "Doing Business 2009”-ის მიხედვით მსოფლიოში შესწავლილ 181 ქვეყანას შორის, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით საქართველო მე-15 ადგილზეა, ხოლო უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა.
კვლევა 2007 წლის აპრილი - 2008 წლის ივნისის პერიოდის მონაცემების მიხედვით გაკეთდა.
უძრავი ქონების რეგსტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების რეიტინგში საქართველო 2007 წელს მე-11 ადგილზე იყო, ხოლო 2006 წელს _ 16-ზე. წლეულს რეიტინგის სათავეში საუდის არაბეთია, მესამე ადგილი ახალმა ზელანდიამ დაიკავა, მეოთხე და მეხუთე ადგილები კი _ ლიტვამ და ტაილანდმა.
“უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს სისტემა არის საბაზრო ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირების საფუძველი.
დაახლოებით ორი წელია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინტენსიურად შევუდექით რეფორმების განხორციელებას.
საქართველოში, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში დანერგილი სისტემა საკმაოდ ეფექტურია. ჩვენ გვაქვს ქართული, თანამედროვე სარეგისტრაციო სისტემა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს პირველ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოში, რომელმაც ელექტრონული მმართველობის პრინციპები დანერგა და კვლავაც განაგრძობს საქმიანობას ამ მიმართულებით.
საკანონმდებლო ბაზის შეცვლამ და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ შეამცირა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ვადები, დრო და საჭირო დოკუმენტები. ამ ყველაფერმა ერთად კი თავისთავად განაპირობა წარმატება და მოქალაქეთა კმაყოფილება” _ განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ჯაბა ებანოიძემ.
Doing Business-ის შეფასებები საქმიანი ურთიერთობების მარეგულირებელი 10 მაჩვენებლის მიხედვით ობიექტურად კეთდება. უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროს შეფასება პროცედურების რაოდენობის, დასარეგისტრირებლად საჭირო დროისა და ფასის ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.