დღეს, საჯარო რეესტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე “საჯარო რეესტრი - უძრავი ქონების ბაზრის განვითარების გამჭვირვალე გარანტი” სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა სააგენტოს განვითარების 5 წლის შედეგები შეაჯამა.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, ბანკების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საჯარო რეესტრის სისტემაში 2004 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო როგორც მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე ქვეყანაში უზრავი ქონების ბაზრის განვითარებას.
სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის “Doing Business 2010”-ის მიხედვით მსოფლიოში შესწავლილ 183 ქვეყანას შორის საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციას და მეორე ადგილზეა.
2008 წელს ამ რეიტინგში საქართველო მე-2 ადგილზე იყო, 2007 წელს - მე-11, ხოლო 2006 წელს - მე-16 ადგილზე.
“მოგეხსენებათ, ადრე უძრავი ქონების რეგისტრაცია ყველასათვის დროში გაწელილ, უამრავ ბიოროკრატიულ პროცესთან თუ პროცედურასთან ასოცირდებოდა. დღეს კი მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ვემსახურებით.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად. მომავალი შეფასებისთვის პროცედურები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ეს ყველაფერი კი რეიტინგის პირველ ადგილზე გადანაცვლების საფუძველს ქმნის” - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.
2004 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა, უძრავი ქონების ახლებური სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.
ფრაზა - "ქონების რეგისტრაცია" ყველასათვის დროში გაწელილ, უამრავ ბიუროკრატიულ პროცესთან და პროცედურასთან ასოცირდებოდა.
ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძალისხმევა სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენებისაკენ მიმართა.
სააგენტოში განხორციელებული რეფორმა ძირითადად ოთხი მიმართულებით განვითარდა: ინსტიტუციური, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური. შედეგად კი, მომხმარებელმა მიიღო სწრაფი, მარტივად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მომსახურება.
სარეგისტრაციო მომსახურებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 64 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით ახორციელებს.