ევროგეოგრაფიკსის ვებინარი

„ევროგეოგრაფიკსის“ წარმომადგენლები საჯარო რეესტრის ინტერაქტიული რუკის Maps.gov.ge-ის პლატფორმას გაეცნენ


„ევროგეოგრაფიკსის“ ორგანიზებით ჩატარებულ ონლაინ ვებინარზე, სააგენტოს სივრცითი ინფორმაციის სამსახურის წარმომადგენლებმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განახლებული ვებპორტალის, Maps.gov.ge-ის პლატფორმა და ინტერაქტიული რუკების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

ინტერაქტიული ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ პირადი ნომრით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით ან უძრავი ქონების მისამართით მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ვებგვერდზე, ასევე, შესაძლებელია სივრცის გაზიარება, რუკებზე ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ობიექტებს შორის მანძილისა და ფართობის გაზომვა და რუკის მართვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს სივრცითი ინფორმაციის სამსახურის უფროსმა მარიკა აბულაძემ და გეოინფორმაციული სისტემების უფროსმა ადმინისტრატორმა შოთა ცხოვრებაშვილმა ვებგვერდის ფუნქციონალები გააცნეს. ასევე, მოქალაქეთათვის სარგებელსა და პლატფორმის მობილური აპლიკაციის შემუშავების პროცესზე ისაუბრეს.

ასოციაცია „ევროგეოგრაფიკსი“ 46 ქვეყნის 60-ზე მეტ კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნულ უწყებებს აერთიანებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლიდან ასოციაციის წევრია და მონაწილეობს „ევროგეოგრაფიკსის“ პროექტებში (EuroGlobalMap, EuroRegionalMap, Open Maps for Europe). გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, „ევროგეოგრაფიკსი“ რეგულარულად ატარებს სხვადასხვა ვებინარს/სემინარს, უმთავრესად გეოსივრცითი მიმართულებით, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საჯარო რეესტრის წარმომადგენლები.