დასაქმება სააგენტოში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასაქმებას აგრძელებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები, ვახტანგ ბოხაშვილი და ელისო გელაშვილი, რეფორმის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულ ახალ რეგისტრატორებს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თანამშრომლებს პროექტის ეფექტიანად განხორციელებისთვის სარეგისტრაციო პროცესების მაღალი სტანდარტით შესრულების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, რეგისტრატორების პროფესიულ გადამზადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2022-2024 წლებში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, სრულიად უფასოდ, დაარეგისტრირებს.

მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვას/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.