იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ინტენსიურ თანამშრომლობას განაგრძობს.
სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კოორდინაციის გაზრდას. ასევე, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაში იმ მოქალაქეების აქტიურ ჩართვას, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მიიღეს მომსახურება.
საინფორმაციო ვიზიტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, კახეთის, სამცხე ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გაიმართა.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ დავით დევიძემ, პირველ მოადგილესთან - ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრის მონაწილეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები განიხილა.
ამ ეტაპზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 124,910-მდე მიწის ნაკვეთი, კახეთის მხარეში - 260,290-მდე მიწის ნაკვეთი, შიდა ქართლში 204, 730-მდე მიწის ნაკვეთი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში 166,180-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მცხეთა-მთიანეთის მხარეში 106,490-მდე მიწის ნაკვეთია აზომილი. საკუთრების უფლება უკვე დარეგისტრირდა 600 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე და ეს პროცესი გრძელდება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საამზომველო სამუშაოები სერტიფიცირებული ამგეგმავების მიერ თანამედროვე და მაღალი სიზუსტის მქონე ხელსაწყოების გამოყენებით სრულდება. შედეგად იქმნება მაღალი ხარისხის მონაცემები.
მიწის ნაკვეთები იზომება და რეგისტრირდება სარეგისტრაციო ბლოკების მიხედვით. ყველა მესაკუთრე ეთანხმება მეზობელი ნაკვეთის საზღვარს, რაც ხელს უწყობს მეზობლებს შორის მორიგების პროცესს და მნიშვნელოვნად ამცირებს სამომავლო დავების არსებობას.
2022 წლიდან დღემდე აიზომა 1 900 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.
მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე
slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები, თითოეული მესაკუთრის უფლება იქნება დაცული და განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.