9 იანვარი 2026

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის მზაობა“ 2025 წლის რეიტინგში საქართველო ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს

news_image

მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ 2025 წლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო ოპერაციული ეფექტიანობის მიმართულებით მე-2 ადგილზეა.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეფორმებმა და ინოვაციურმა სერვისებმა მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით მაღალი შეფასება მიიღო.

სააგენტოს მიერ განხორციელებულმა მიწის სისტემური რეგისტრაციის მასშტაბურმა რეფორმამ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დანერგილმა სიახლეებმა და სხვა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო რეიტინგში.
ქვეყნის საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეფორმების მდგრადობას და სერვისების მაღალ ხარისხს.

სააგენტოში დანერგილი ინოვაციური და ხელმისაწვდომი სერვისები, რეგისტრაციის პროცედურების სიმარტივე, მაღალი სტანდარტები და ინფორმაციის გამჭვირვალობა ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ აქტივობას.

მსოფლიო ბანკის „B-READY“ რეიტინგი კერძო სექტორის განვითარებისთვის ბიზნეს გარემოს რაოდენობრივად და ხარისხობრივად აფასებს. ინდიკატორები აერთიანებს სამ ეტაპს: ბიზნესის დაწყებას, ბიზნესის ოპერირება/გაფართოებასა და ბიზნესის დახურვას.

რეიტინგი თითოეულ ინდიკატორს სამი მიმართულებით : „ოპერაციული ეფექტიანობა“, „მარეგულირებელი ჩარჩო“ და „საჯარო სერვისები“ აფასებს. 

აღსანიშნავია, 2024 წელს რეიტინგი 50 ქვეყანას აფასებდა, ხოლო 2025 წელს გაფართოვდა და 101 ქვეყანა მოიცვა. ქვეყნების რაოდენობის ცვლილებასთან ერთად, ასევე გაფართოვდა კვლევის ინდიკატორების შეფასების კრიტერიუმი.