10 ნოემბერი 2026

საჯარო რეესტრის წარმატებულ პროექტებსა და ბიზნესის რეგისტრაციის ქართულ მოდელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) TADAT-ის ექსპერტები გაეცნენ

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) TADAT-ის სამდივნოს ექსპერტთა ჯგუფთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ბარქაიამ ექსპერტებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, წარმატებული პროექტები და ინოვაციური სერვისები წარუდგინა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიზნესისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართულ მოდელზე, რომლის ეფექტიანობა არაერთი საერთაშორისო რეიტინგით დასტურდება.
 
ნინო ბარქაიამ აღნიშნა, რომ ბიზნესის დაწყებისა და ბიზნესის ადგილმდებარეობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორისაა რეგისტრაციის სტანდარტების, გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ციფრული მომსახურების მიმართულებით.
 
ექსპერტები, ასევე, გაეცნენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2009 წლიდან ჩამოყალიბებულ თანამშრომლობის პრაქტიკას, რომელიც მოიცავს ბიზნესის რეგისტრაციის პროცესში უწყებებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლასა და სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ერთიანი მექანიზმის ფუნქციონირებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ TADAT-ის ექსპერტთა ჯგუფი ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს ეწვია და რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ექსპერტებმა მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ დანერგილი ინოვაციური სერვისის „გონიერი კონტრაქტის“ მომსახურების შესახებ, რომელიც ბიზნესისა და უძრავი ქონების ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
 
შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.