25 ნოემბერი 2026

საჯარო რეესტრმა კორპორაციული რეესტრების ფორუმის (CRF) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის წარმატებულ მოდელს, მრავალწლიან ტრანსფორმაციასა და ინოვაციურ ციფრულ სერვისებს კორპორაციული რეესტრების ფორუმის (CRF) მონაწილეები გაეცნენ. სააგენტო 2025 წლიდან აღნიშნული ორგანიზაციის წევრია, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოცდილების გაზიარებაში.
ღონისძიების მიზანია ასოციაციის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარება და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქრისტინე კუპრავამ, საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით დანერგილი თანამედროვე სისტემა წარუდგინა, რომელმაც ბიზნესის დაწყებისა და რეგისტრაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.
სესიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გამოცდილებაზე და აღინიშნა, რომ ქვეყანაში ბიზნესის რეგისტრაცია ერთი პროცედურით, ერთ სამუშაო დღეშია შესაძლებელი.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების დიდი დაინტერესება გამოიწვია სააგენტოს ინოვაციურმა სერვისმა „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც წარმატებით გამოიყენება უძრავი ქონებისა და ბიზნესის ტრანზაქციებში. სერვისის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია.
 კონფერენციაში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობდა. ყოველწლიური კონფერენცია 200-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს, მათ შორის რეესტრების ხელმძღვანელებს, ექსპერტებსა და ბიზნესკონსულტანტებს.