იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიწის კონფერენციაზე (World Bank Land Conference 2025) მიიღო მონაწილეობა და სააგენტოს მიღწევები, სერვისები და მიმდინარე წარმატებული რეფორმები სესიის მონაწილეებს გააცნო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტს - „მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ (GRAIL), რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის გააქტიურებას და აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას.
ღონისძიებას სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი ივანე ცარციძე და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია ესწრებოდნენ.
ვაშინგტონში გამართულ წლევანდელ მიწის კონფერენციაზე განიხილეს მიწის ადმინისტრირებისა და მართვის ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: მიწის საკუთრების უფლებების დაცვა, ელექტრონული მმართველობა, ურბანიზაცია და მიწის მართვა, მიწის მესაკუთრე ქალთა უფლებები, მიწის პოლიტიკა, მმართველობა და სტანდარტები.
აღნიშნული კონფერენცია მსოფლიო ბანკის „Land and Poverty Conference” განახლებული ვერსიაა, რომელშიც სააგენტო ყოველწლიურად მონაწილეობს.
მსოფლიო ბანკის მიწის კონფერენცია მიწის სექტორის წამყვანი გლობალური ღონისძიებაა, რომელიც 1000-ზე მეტ მონაწილეს სხვადასხვა ქვეყნის უწყებებიდან, განვითარების პარტნიორებიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან, აკადემიური წრეებიდან და კერძო სექტორიდან აერთიანებს.
კონფერენცია მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის მიწის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პრაქტიკის გაზიარებას, ექსპერტული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლას.