სააგენტოს 2023 წლის ანგარიში

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იუსტიციის მინისტრს - რატი ბრეგაძეს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2023 წელი შეაჯამა.

ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოს და სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 684 312 მიწის ნაკვეთი (241 029 ჰა), აქედან უკვე დარეგისტრირდა 540 170 მიწის ნაკვეთი (201 407 ჰა). დღეის მდგომარეობით, უკვე რეგისტრირებულია ქვეყნის სარეგისტრაციო ტერიტორიის 80%-ზე მეტი.

დამისამართებული საქართველოს პროექტის ფარგლებში, სააგენტომ დაასრულა 60 მუნიციპალიტეტის 3692 დასახლების საზღვრის დამუშავება, 45 692 ქუჩის დახაზვა და 354 927 ახალი მისამართის შექმნა.

სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების ფარგლებში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით დარეგისტრირდა 180 500 ახალი სუბიექტი. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებით რეგისტრირებულ საწარმოებს 2024 წლის ბოლომდე შეუნარჩუნდათ ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა.

საჯარო რეესტრის წლიური ანგარიშის წარდგენას იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - თამარ ტყეშელაშვილი და სააგენტოს დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს იუსტიციის მინისტრმა - რატი ბრეგაძემ სააგენტოს თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.