სარჩევი

სააგენტოს შესახებ

სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

 

  1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ - სააგენტო).

მისამართი: საქართველო, თბილისი 0114, ვახტანგ გორგასლის ქ. №22

ცხელი ხაზი: 2 405 405

ელექტრონული ფოსტა : INFO@NAPR.GOV.GE

 

  1. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი:

სააგენტოს ავტორიზებული პირები - სააგენტოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე საჯარო რეესტრის წარმოებაზე ან/და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილი ფიზიკური და იურიდიული პირები.

 

  1. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი

 

წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, მონაცემთა სუბიექტს წარმოადგენს განმცხადებელი და ასევე მისი წარმომადგენელი/მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი, თუ სააგენტოს განმცხადებელმა მიმართა წარმომადგენლის მეშვეობით ან განცხადება წარმოდგენილია მხარდაჭერის მიმღების/შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ან არასრულწლოვნის სახელით, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მონაცემებსა და სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციაში/მონაცემებში  მითითებული ფიზიკური პირები.

 

  1. პერსონალური მონაცემები, რომელიც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დამუშავდება

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ამუშავებენ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს:

ა) მონაცემთა სუბიექტის: სახელი, გვარი, მამის სახელი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ხელმოწერა, მოქალაქეობა, სქესი, გარდაცვალების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი, ხელმოწერა, რეგიონი, პირზე გაცემული ყველა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, მოქმედების ვადა, ფოტოსურათი, დოკუმენტის ტიპი, დოკუმენტის სტატუსი (შეჩერებული/გაუქმებული დოკუმენტის შემთხვევაში, მიზეზის მითითებით), დოკუმენტის გაუქმების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა;

ბ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები - თუ განცხადება წარმოდგენილია მხარდაჭერის მიმღების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ან მისი სახელით;

გ) სახის გამოსახულება და ხმის მახასიათებელი - სახის გამოსახულებისა და ხმის მახასიათებელი მონაცემები მუშავდება უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მიერ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას. ხმის მახასიათებელი შესაძლებელია ასევე დამუშავდეს სააგენტოს მიერ სატელეფონო ჩანაწერის წარმოებისას, რომელიც ემსახურება ხარისხის მონიტორინგს;

დ) პოლიტიკურ შეხედულებებსა ან/და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) წევრობასთან დაკავშირებული მონაცემები - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის წარმოების შემთხვევაში;

ე) რელიგიურ მრწამსთან ან/და რელიგიურ გაერთიანებასთან დაკავშირებული მონაცემები - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში განცხადების წარმოდგენის, რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემთხვევებში;

ვ) პროფესიული კავშირის წევრობასთან დაკავშირებული მონაცემები - მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში განცხადების წარმოდგენის,  რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემთხვევებში;

ზ) ნასამართლეობასთან ან/და ბრალდებასთან/მსჯავრდებასთან დაკავშირებული მონაცემები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული სხვადასხვა რეესტრებში უფლების/ვალდებულების/სუბიექტის/საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მიზნით, როდესაც პირი თვითონ წარადგენს ასეთი მონაცემების შემცველ დოკუმენტს ან მისი წარდგენა ხდება სასამართლოს ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ;

თ) არასრულწლოვნის მონაცემები - თუ განცხადება წარმოდგენილია 16 წლის ასაკს მიღწეული პირის სახელით, მონაცემების დამუშავებაზე მისი ან/და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში. ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვნის შესახებ მონაცემები მუშავდება მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ი) არასრულწლოვნის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

კ) გარდაცვლილი პირის მონაცემები - გარდაცვლილი პირის შესახებ წინამდებარე პუნქტში მითითებული მონაცემები მუშავდება, თუ დაინტერესებული პირი ან რეგისტრირებულ მონაცემებში/სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული პირი გარდაცვლილია;

ლ) კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, რასაც დაინტერესებული პირი თვითონ წარუდგენს სააგენტოს.

 

  1. დამუშავების მიზანი

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი წინამდებარე დოკუმენტის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პერსონალურ მონაცემებს და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ამუშავებენ ერთ-ერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული მიზნით:

ა) განცხადების მიღებისას ან/და გარიგებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისას დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დადგენის მიზნით. ასევე, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების პროცესში მონაწილე პირების ვინაობის დადგენის მიზნით;

ბ) განცხადებისა და სხვა წერილობითი კორესპონდენციის განხილვის, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას, განმცხადებლის/ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ფიზიკური პირის (მონაცემთა სუბიექტი) შესახებ მონაცემების გადამოწმების მიზნით;

გ)  სააგენტოში წარმოდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მითითებული პირების მონაცემების გადამოწმების მიზნით;

დ) სააგენტოს მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეესტრებში უფლების/ვალდებულების/სუბიექტის/საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის/ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

ე) სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მონაცემებისა და სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის/ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ვ)  სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მონაცემებისა და სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით შემდეგ ოფიციალურ ვებგვერდებზე:

ვ.ა) napr.gov.ge;

ვ.ბ) my.gov.ge;

ვ.გ) maps.gov.ge;

ვ.დ) slr.napr.gov.ge.

ზ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და სანოტარო ბიუროებიდან მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის შემთხვევაში;

თ)  დაინტერესებული პირისთვის წარმოების მიმდინარეობისა და მისი დასრულების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად;

ი) ერთიან ელექტრონულ პორტალზე მონაცემთა სუბიექტისთვის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის - ელექტრონული მისამართის შექმნისა და მისი ადმინისტრირებისთვის;

კ) სააგენტოში წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ზეპირი მოსმენის ან ადგილზე დათვალიერების ჩატარებისას საოქმო ჩანაწერის წარმოების პროცესის მიმდინარეობის აღბეჭდვის მიზნით;

ლ)  სააგენტოს მიერ ხარისხის მონიტორინგის მიზნით.

 

  1. დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის: [1]

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტები:

  1. მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს ერთ -ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;

ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;

დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

ე) კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

კ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტები:

  1. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ უზრუნველყოფილია მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიები და არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა)  მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე;

ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში;

კ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად.

 

გ) მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები:

„1. არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

  1. არასრულწლოვანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი:

„1. მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია:

ა) ამ კანონის მე -5 და მე -6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებით;

დ) თუ ეს აუცილებელია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლების განსახორციელებლად.

  1. გარდაცვლილი პირის სახელის, გვარის, სქესის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დამუშავება დასაშვებია, მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა და საფუძვლების არსებობისა.“.

 

  1. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია არ მიაწოდოს მონაცემთა სუბიექტს მისი მონაცემების დამუშავებაზე ინფორმაცია, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება და:

„ბ) მონაცემთა შეგროვება ან გამჟღავნება დადგენილია კანონით ან საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;

გ) ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია ან მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას ან ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ან შეუძლებელს გახდის მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნის (მიზნების) შესრულებას. ამ შემთხვევებში დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა მიიღოს სათანადო ზომები მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, მონაცემების მოპოვების შესახებ ზოგადი ინფორმაციის საჯაროდ /ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით განთავსებით).“

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სუბიექტის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მეშვეობით. პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური და სპორადული რეგისტრაციისას სუბიექტის მონაცემები შესაძლებელია, ასევე, დამუშავდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ან/და შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის მითითების საფუძველზე ან სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მონაცემების მოძიებისას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების - რეგისტრაციის განხორციელების მიზნით.

 

  1. მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობა

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისთვის წინამდებარე დოკუმენტის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემების მიწოდება აუცილებელია/სავალდებულოა.

მონაცემთა მიწოდება აუცილებელია/სავალდებულოა, ვინაიდან მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად/მისთვის მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სააგენტოს მიერ მონაცემების დამუშავება ზემოხსენებული მიზნებით.

მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა მიწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია არ დაარეგისტრიროს განცხადება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (უარი თქვას განცხადების მიღებაზე) ან მიიღოს რეგისტრაციაზე/ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.

 

  1. მონაცემთა მიმღები ან მიმღების კატეგორია

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ამდენად, მონაცემთა მიმღებია ნებისმიერი პირი, რომელიც სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მონაცემების შესახებ ინფორმაციას ან სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციას გამოითხოვს.

 

  1. მონაცემთა შენახვის ვადა

წინამდებარე დოკუმენტის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემები და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ინახება სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხით (მათი შენახვის ვადების მითითებით)“ განსაზღვრული ვადებით.

 

 

  1. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

მონაცემთა სუბიექტი სარგებლობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შემდეგი უფლებებით:

ა)  მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება (მე-13 მუხლი);

ბ) მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება (მე-14 მუხლი);

გ) მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება (მე-15 მუხლი);

დ) მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება (მე-16 მუხლი);

ე) მონაცემთა დაბლოკვის უფლება (მე-17 მუხლი);

ვ) მონაცემთა გადატანის უფლება (მე-18 მუხლი);

ზ) ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები (მე-19 მუხლი);

თ) თანხმობის გამოხმობის უფლება (მე-20 მუხლი);

ი) გასაჩივრების უფლება (22-ე მუხლი).

ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

 

  1. მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა

ა) სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ან/და სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არ ექვემდებარება წაშლას, განადგურებას ან დაბლოკვას. განმცხადებლის მოთხოვნის მიუხედავად, სააგენტოს მიერ მასზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებიდან გამომდინარე, დაუშვებელია მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებაზე თანხმობის გამოთხოვა.

ბ) სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ან/და სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არ ექვემდებარება სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან გადატანას, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო ერთპიროვნულად წარმოადგენს საჯარო რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილ და პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.

გ)   „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად:

„1. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;

ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;

გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა “, „ბ “, „გ “, „დ “, „ე “, „ზ “ ან „ი “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან /და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

ზ) მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;

თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;

ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მონაცემთა სუბიექტს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების) მიღწევას.
  3. მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა. მონაცემთა სუბიექტის მიერ მოთხოვნის არაგონივრული სიხშირით წარდგენის შემთხვევაში დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე, რის შესახებაც ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს მონაცემთა სუბიექტს და განუმარტოს გასაჩივრების უფლების შესახებ.“.

 

  1. მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა

სხვა სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემა ხორციელდება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციისა“ და სხვა საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, უფლებამოსილი ორგანოების მომართვის საფუძველზე.

 

  1. გასაჩივრების უფლება

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

 

[1] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის №3144-XIმს-Xმპ კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი:  010100000.05.001.020936) სრული რედაქცია საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://matsne.gov.ge/document/view/5827307?publication=0