GRAIL- პროექტი შეაფასება

მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის“ (GRAIL) პროექტი წარმატებით შეაფასეს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტუმრებს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის („მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ (GRAIL)) შუალედური შედეგები წარუდგინა. ხაზი გაესვა უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემის განახლების მიმდინარეობასა და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნას.

მისიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს გონიერი კონტრაქტის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც გააადვილებს რეგისტრაციის პროცედურას მომხმარებლისათვის - უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მოხდება.

სააგენტოს თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის მისიის წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო რეესტრში მიმდინარე ინოვაციური რეფორმების შესახებ. საუბრისას ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ჩართულობის მნიშვნელობას, რომელმაც სააგენტოში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საუკეთესო პრაქტიკად აღიარა.

მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ სააგენტოს შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური მართვის სისტემა, ინოვაციური მიდგომები სამაგალითოა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მათ სრული მხარდაჭერა გამოთქვეს სააგენტოს გამოცდილების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან გაზიარების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ისაუბრეს მაისში, ქალაქ ვაშინგტონში დაგეგმილ მიწის კონფერენციაზე, რომელზეც სააგენტო რეფორმების შესახებ პრეზენტაციებს წარადგენს. ასევე, პირველად, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისის საგამოფენო სივრცეში საჯარო რეესტრი წარდგება საინფორმაციო მასალით სააგენტოს ინოვაციური სერვისების შესახებ.

+3