მოლდოვის დელეგაცია

საჯარო რეესტრის წარმატებულ პროექტებს მოლდოვას სახელმწიფო სერვისების სააგენტოს დელეგაცია გაეცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოლდოვას სახელმწიფო სერვისების სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ელისო გელაშვილმა სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად სტუმრებს საჯარო რეესტრის საქმიანობის შესახებ თემატური პრეზენტაციები წარუდგინა.

დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცესების შესახებ. გარდა ამისა, ინოვაციური პროექტების - ელექტრონული ოქმისა და სმარტ კონტრაქტების - შესახებ დელეგატებმა სააგენტოს გამოცდილება გაიზიარეს.

მოწვეული სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სააგენტოში მიმდინარე დამისამართების პროექტით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას უწყობს ხელს. სააგენტოს სამისამართო სამსახურის წარმომადგენელმა სტუმრებს სამისამართო სისტემაში მონაცემების სამოქალაქო რეესტრთან თავსებადობა/გაცვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას დელეგაციის წევრებმა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც გამართეს სამუშაო შეხვედრები.