შეხვედრა ახალქალაქში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში სააგენტომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომდგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ვახტანგ ბოხაშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, მიწის სისტემური რეგისტრაციის აქტივობები დეტალურად გააცნო.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მიწის ნაკვეთები.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 2022 წლიდან დღემდე აზომილია 639 135 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 500 543 მიწის ნაკვეთზე.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule