შეხვედრა ასპინძაში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასპინძის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეხვედრებს მართავენ. საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ასპინძის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ - ვახტანგ ბოხაშვილმა, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დამსწრეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის აქტივობები დეტალურად გააცნო. მომდევნო თვეებში სააგენტო სრულად აზომავს ასპინძის მუნიციპალიტეტში არსებულ მიწის ნაკვეთებს.

საინფორმაციო შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

2022 წლიდან დღემდე აზომილია 640 101 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 501 980 მიწის ნაკვეთზე.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule